fb
მთავარი >> GIMA-ს 2015 წლის საქმიანობის ანგარიში
GIMA-ს 2015 წლის საქმიანობის ანგარიში
25/01/2016

”საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტო” (GIMA) მეხუთე წელია მედიკოსებსა და პაციენტებს შორის ერთგვარი მედიატორის როლს ასრულებს და ექიმებს, საჭიროების შემთხვევაში სათანადო ექსპერტულ თუ იურიდიულ დახმარებას უწევს.

სააგენტოში, პროფესიული პასუხისმგებლობით დაზღვეული ექიმები მათივე მომართვის საფუძველზე ყველა კვალიფიციურ დახმარებას და თანადგომას იღებენ.

სტატისტიკას რომ გადავხედოთ, დაარსებიდან დღემდე, ”საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტო”  -მ (GIMA) მისი კომპეტენციის ფარგლებში საექსპერტო მომსახურება 300-მდე შემთხვევაში გასწია.

თავისთავად აქედან თითოეული კონკრეტულიშემთხვევა მედიცინის სხვადასხვა დარგს მოიცავს. თუმცა მომართვიანობის ზოგად მაჩვენებელს თუ გადავხედავთ, უმეტესი ნაწილი მეან-გინეკოლოგიაზე და ზოგად ქირურგიაზე მოდის, ასევე დიდი წილია ონკოლოგიური, კრიტიკული მედიცინისა და კარდეოლოგიური მიმართულებით. ამ ჩამოთვლილი შემთხვევებიდან, უმეტესად დავა დაფიქსირდა პაციენტსა და უშუალოდ სამედიცინო პერსონალს შორის, ვიდრე ამა თუ იმ კლინიკასა და პაციენტს შორის.

”საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტო” (GIMA) მასთან დაზღვეული ნებისმიერი ექიმის კონკრეტულ საქმეს ყურადღებით ეკიდება და ყველა აუცილებელ კონსულტაციას უწევს, რაც სააგენტოს საქმიანობით არის განსაზღვრული. 

საგულისხმო სტატისტიკური მონაცემია, რომ 300-მდე შემთხვევიდან უმრავლესობა დასრულებულია და მხოლოდ რამდენიმე ერთეული საქმეა ჯერ კიდევ წარმოებაში. 

რაც შეეხება შედეგს - სააგენტო, როგორც ექიმსა და პაციენტს შორის გარკვეული მედიატორი, ეყრდნობა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და ადგენს, ”სამედიცინო შეცდომის” შემთხვევაში რა კონკრეტული ბრალი შეიძლება მიუძღოდეს ექიმს, იყო ესა თუ ის კონკრეტული ფაქტი ექიმის არაკომპეტენტურობის ან გულგრილობის ბრალი, სწორედ სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე დგება შედეგი, რომლის შემდეგ სააგენტო ასრულებს თავის მხრივ აღებულ ვალდებულებებს, იქნება ეს სადაზღვევო პაკეტით გაწერილი თანხობრივი ანაზღაურება თუ იურიდიული მომსახურების დაფინანსება. 

გასული 2015 წლის განმავლობაში ”საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტომ” (GIMA), მოკვლევა 31 ოფიციალური საჩივრის საფუძველზე განახორციელა. საჩივრების უმრავლესობა ქირურგიული მიმართულებების მედიკოსებს ეხებოდა. რამდენიმე შემთხვევაში შედეგი სამწუხაროდ ლეტალური იყო და საჩივრების საფუძველზე დაწყებულ მოკვლევაში სააგენტოს მთავარი ფუნქცია სწორედ ექიმის შესაძლო ბრალეულობის დადგენაა. სააგენტომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე უნდა დაადგინოს, კონკრეტული შემთხვევა იყო ექიმის არაკომპეტენტურობის ან გულგრილობის ბრალი თუ უბრალოდ გარდაუვალი შედეგი მოცემულ სიტუაციაში.

აღნიშნული საჩივრების გარდა, 2015 წელს ”საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტოს” (GIMA) პროფესიული კონსულტაციისთვის 76 შემთხვევაში მომართეს. თითოეული კონკრეტული შემთხვევა გულისყურით იქნა შესწავლილი და სამედიცინო პერსონალს და დაწესებულებას გაეწია ადექვატური დახმარება.

ეს გასული წლის მოკლე შეჯამებაა, აქვე აღვნიშნავთ, რომ რამდენიმე საქმე ჯერ კიდევ წარმოებაშია და სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებამდე დაიცავს როგორც სამედიცინო პერსონალის, ასევე პაციენტების ინტერესებს, სიმართლის დადგენის ფარგლებში.

”საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტო” (GIMA) 2011 წელს საქართველოს ექიმთა ასოციაციის ინიციატივით და სადაზღვევო კომპანია ”არდი ჯგუფი”-ის პარტნიორობით შეიქმნა.