fb
მთავარი >> საქართველოს ექიმთა ასოციაციის დელეგაცია EFMA/WHO ფორუმზე ტაშკენტში
საქართველოს ექიმთა ასოციაციის დელეგაცია EFMA/WHO ფორუმზე ტაშკენტში
21/03/2016

საქართველოს ექიმთა ასოციაციამ (GMA) ევროპის ექიმთა ასოციაციების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (EFMA/WHO) ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამჯერად უზბეკეთის დედაქალაქში, ტაშკენტში,  მარტის დასაწყისში გაიმართა. ფორუმის სამდღიანი მუშაობის ერთ–ერთი ძირითადი თემა სამედიცინო განათლება იყო.  დელეგატთა წინაშე საქართველოს ექიმთა ასოციაციის გენერალური მდივანი, ზაზა ხაჭიპერიძე წარსდგა მოხსენებით: „დიპლომამდე და დიპლომის შემდეგი სამედიცინო განათლების განვითარების ეტაპები საქართველოში“ . მან, ტაშკენტში, შეკრებილ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში, სამედიცინო სფეროში ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში უკვე განხორციელებულ, დღეისათვის მიმდინარე და მომავალში დაგეგმილ რეფორმებზე, სამედიცინო განათლების კუთხით. მოხსენებამ არა მხოლოდ დიდი ინტერესი, არამედ აქტიური დისკუსიაც გამოიწვია. შედეგად, საქართველოს ექიმთა ასოციაციამ საერთაშორისო ყრილობაზე, ევროპელი კოლეგებისგან არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მიიღო. საერთაშორისო გამოცდილებისა და უცხოელი კოლეგების რეკომენდაციების გათვალისწინება კი საქართველოს სამედიცინო სისტემის, ამ სფეროში განათლების თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად მოდერნიზებისთვის, მნიშვნელოვანია. უცხოელი კოლეგების მხრიდან, სამუშაო ფორმატში აქტიური დისკუსიის შემდეგ აღინიშნა, რომ საქართველოში სამედიცინო სფეროში განათლების სეგმენტის განვითარება ადეკვატურად მიმდინარეობს, თუმცა სფეროს რეფორმირება ჯერ კიდევ სჭირდება და ამ კუთხით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.