fb
მთავარი >> მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) 70-ე გენერალური ასამბლეა
მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) 70-ე გენერალური ასამბლეა
22/10/2019

  პირველად აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაში, 2019 წლის 21-26 ოქტომბერს თბილისში მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) 70-ე გენერალური ასამბლეა და საბჭოს 213-ე სხდომა გაიმართება.  ღონისძიებას საქართველოს ექიმთა ასოციაცია (2002 წლიდან მსოფლიო ექიმთა ასოციაციის წევრი) მასპინძლობს. მსოფლიო ექიმთა ასოციაციის გენერალური ასამბლეის დელეგატების და სტუმრების საზეიმო მიღება დაგეგმილია 23 ოქტომბერს, 19 საათზე, თბილისის საკრებულოს შენობაში, ღონისძიების გახსნის ცერემონიალი - 25 ოქტომბერს, 11 საათზე, სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში”. პროტოკოლის მიხედვით, დელეგატებს ესალმებიან მასპინძელი ქვეყნების პირველი პირები.

 

აღნიშნული ღონისძიება მსოფლიოს მასშტაბით სამედიცინო სფეროში ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი მოვლენაა. გენერალურ ასამბლეას 100-ზე მეტი ქვეყნიდან 300-ზე მეტი დელეგატი სტუმრობს, აღნიშნული ფაქტი ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი და ისტორიული მოვლენაა. შესაძლებლობა გვეძლევა, კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ საქართველო, როგორც თანამედროვე სამედიცინო და საგანმანათლებლო, ისე ისტორიული ღირებულებებით და ტურისტული პოტენციალით, მათ შორის სამედიცინო ტურიზმის შესაძლებლობებით მდიდარი, ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული ქვეყანა.
 

WMA ისტორია:

მსოფლიო ექიმთა ასოციაცია (WMA) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ექიმთა გაერთიანებას წარმოადგენს,  ის  1947 წლის 17 სექტემბერს პარიზში, პირველ გენერალურ ასამბლეაზე დაარსდა, სადაც მსოფლიოს 27 ქვეყნიდან მოწვეული ექიმების შეხვედრა შედგა. ორგანიზაციის შექმნის მიზანი ექიმთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ეთიკის მაქსიმალურად მაღალი სტანდარტების დამკვიდრება იყო. დღეს მსოფლიო ექიმთა ასოციაციაში 114 ქვეყნის ექიმთა ასოციაცია შედის, მათ შორის - საქართველოს ექიმთა ასოციაცია.

მიზანი:

WMA მიზანია ემსახუროს კაცობრიობას და გაზარდოს საერთაშორისო სამედიცინო განათლების, სამედიცინო მეცნიერების, სამედიცინო ხელოვნებისა და ეთიკის, ყველა ადამიანისათვის ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტები.
მსოფლიო ექიმთა ასოციაციას (WMA) ოფიციალური ურთიერთობა აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO), აგრეთვე სხვადასხვა ჯანდაცვის პროფესიულ ორგანიზაციებთან, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან და  რეგიონალურ სამედიცინო ასოციაციებთან.
გენერალური ასამბლეა მსოფლიო ექიმთა ასოციაციის გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს, ღიაა WMA-ის ყველა მუდმივი წევრი ქვეყნის დელეგატისათვის, ისევე, როგორც დამკვირვებელთათვის და სხვა მოწვეული სტუმრებისათვის.