fb
მთავარი >> EFMA/WHO ფორუმი, თბილისი 23-24 აპრილი 2015წ.
EFMA/WHO ფორუმი, თბილისი 23-24 აპრილი 2015წ.
24/04/2015

2015 წლის 23-24 აპრილს საქართველოში, ქ. თბილისში, სასტუმროში Radisson Blu Iveria, ჩატარდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ევროპის ქვეყნების ექიმთა ასოციაციების (WHO/EFMA) ფორუმი. ღონისძიების მასპინძელი იყო საქართველოს ექიმთა ასოციაცია.

აღნიშნული ფორუმი საერთაშორისო მასშტაბით  არის მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანი  ღონისძიება სამედიცინო სფეროში. იგი ყოველწლიურად ტარდება, ძირითადად ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში.

ფორუმის ორგანიზებაში საქართველოს ექიმთა ასოციაციასთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული დარგობრივი ასოციაციები, საზოგადოებები და კავშირები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და EMSA-TSU-ს აქტივისტი სტუდენტები.

სხდომას ესწრებოდნენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს (WHO) წარმომადგენელი - ქალბატონი სვენია ჰერმანი, მსოფლიო ექიმთა ასოციაციის (WMA) პრეზიდენტი - ხავიერ დეუ და გენერალური მდივანი - ოტმარ კლოიბერი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის (SEEMF) პრეზიდენტი - ანდრეი კეჰაიოვი და სხვა საერთაშორისო  ორგანიზაციების (CPMA, EMSA)  ხელმძღვანელები.

აღნიშნული ფაქტი მეტად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის,  განსაკუთრებით კი - სამედიცინო საზოგადოებისათვის. ღონისძიება ჩატარდა თავისი ფორმატის  და პროტოკოლის სრული დაცვით. დღის წესრიგის მიხედვით 23 აპრილს, 14:00 საათზე ჩატარდა  ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - ბატონი ზაზა სოფრომაძე, თბილისის ვიცე-მერი - ქალბატონი ნინა ხატისკაცი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე - ბატონი მერაბ ელიაშვილი, WHO-ს წარმომადგენელი - ქალბატონი სვენია ჰერმანი, EFMA-ს გენერალური მდივანი - ქალბატონი ლეა ვაპნერი და საქართველოს ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარე - ბატონი გია ლობჟანიძე.

ფორუმის მსვლელობისას ჩატარდა სამეცნიერო სესიები (ანტიბიოტიკორეზისტენტობა და ბავშვის ადრეული განვითარების ხელშეწყობა და ნუტრიცია), პლენალური სხდომები (ექიმთა უფლებები, ჯანმრთელობის დაზღვევა, ფილტვების ობსტრუქციული ქრონიკული დაავადება, ჯანდაცვის მსოფლიო ასოციაციის ვაქცინაციის გეგმა და ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოება, ახალი გამოწვევები ჯანდაცვაში, ძილის დარღვევები), კომიტეტის სხდომა, საქმიანი შეხვედრები სახელმწიფო და პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სოციალურ-კულტურული ღონისძიებები.

ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა კიდევ ერთხელ წარმოგვეჩინა საქართველო, როგორც თანამედროვე სამედიცინო და საგანმანათლებლო, ისე  ისტორიული ღირებულებებით და ტურისტული პოტენციალით მდიდარი ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა.

23 აპრილის დამატებითი ფოტომასალა...
24 აპრილის დამატებითი ფოტომასალა...